ჩვენს შესახებ
ჩვენი მარნის ისტორია იწყება 1984 წლიდან, როდესაც პაპაჩემმა, ალექსანდრე ვოლსკიმ სოფელ ხაშმში ააშენა სააგარაკე სახლი და გამართა ტრადიციული მარნით. მას შემდეგ მამაჩემი და პაპაჩემი ყოველწლიურად აყენებდნენ ღვინოს ამ მარანში, მე კი (გიორგი ვოლსკი) ბავშვობიდან ვეხმარებოდი მათ და ჩართული ვიყავი საოჯახო საქმიანობაში. მამაჩემი და პაპაჩემი ღვინოს აყენებდნენ მხოლოდ საოჯახო მოხმარებისთვის და შესაბამისად ჯანსაღი და სასარგებლო ღვინის მისაღებად ვენახს უვლიდნენ მხოლოდ ბიო/ორგანული მეთოდებით, ღვინოს კი აყენებდნენ ბუნებრივად, ყველანაირი დანამატის გარეშე.
ამჟამად, მე ვაგრძელებ ამ საოჯახო ტრადიციას და ღვინოს ვაყენებ იგივე მეთოდებით, უკვე კომერციული მიზნებისთვისაც. შესაბამისად ჩვენი ღვინოები დაყენებულია ბიო/ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძნისგან და ყველანაირი დანამატის, მათ შორის გოგირდის და ასევე ფილტრაციის გარეშე.
ჩვენი ყველა ღვინო არის დაყენებული ქვევრებში კახური ტრადიციული წესით, არის გაუფილტრავი და 100%-ით ბუნებრივი. რაც ნიშნავს, რომ ღვინის დასაყენებლად გამოიყენება მხოლოდ ბიო/ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძენი, ღვინის დაყენება კი მიმდინარეობს ბუნებრივად, ყოველგვარი დანამატების, მათ შორის გოგირდის გარეშე. ღვინოები არ არის ხელოვნურად დაწმენდილი და არც გაფილტრული, ასევე არ შეიცავს დამატებულ გოგირდს და შესაბამისად აუცილებელია შენახვის პირობების დაცვა. ღვინო უნდა ინახებოდეს აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, გრილ, ბნელ ადგილას, ხმაურისგან და ვიბრაციებისგან მოშორებით. შენახვის პროცესში მოსალოდნელია ნალექის გაჩენა.
ღვინოს ვყიდით 2 ბრენდული სახელწოდებით: შატო ხაშმი და ანდრიას ღვინო. ანდრია არის ჩემი პირველი შვილი, ვისი სურათიც არის დატანილი ჩვენს ეტიკეტზე. ამჟამად 8 წლისაა, გემოზე ჯერ არ გაუსინჯავს ღვინო, მაგრამ კარგად არჩევს არომატებს და იმედი მაქვს წლების შემდეგ, როდესაც უკვე გასინჯავს თავისი სახელის მქონე ღვინოს ძალიან იამაყებს :)